მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაბადების ადგილი | მიონხენგლადბახი, გერმანია |
დაბადების თარიღი | 30.04.1992 |
წონა | 85 კგ |
სიმაღლე | 187 სმ |
დებიუტი | 17.09.2014 |
თამაში* | 420 |
მშრალი თამაში* | 174 |
გაშვებული გოლი* | 413 |
*ბოლო განახლება: 22.09.24
მარკ ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014 წელს გააფორმა. კატალონიურ გუნდს ის მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" შეუერთდა. 1992 წლის 30 აპრილს მიონხენგლადბახში დაბადებულ ფეხბურთელს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მეკარედ ქცევისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.
"ბარსელონამდე" ტერ შტეგენს მხოლოდ "გლადბახში" უთამაშია, რომელსაც 1996 წელს, 4 წლის ასაკში შეუერთდა. 2011 წლის 10 აპრილს, როდესაც ტერ შტეგენი მხოლოდ 18 წლის იყო, პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა. ეს ბუნდესლიგის მატჩში, "კიოლნის" წინააღმდეგ მოხდა. "გლადბახმა" 5-1 მოიგო, ტერ შტეგენი კი გუნდის პირველი მეკარე მალე გახდა. პირველ 6 შეხვედრაში მან მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.
მომდევნო ორ მატჩში ტერ შტეგენი და მისი გუნდი ბუნდესლიგაში დარჩენისთვის ფლეი ოფში თამაშობდნენ, რომელიც 2-1 მოიგეს. მომდევნო სეზონში მარკი ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. "გლადბახის" პირველ გუნდში გატარებული 4 სეზონის განმავლობაში მან მონაწილეობა ბუნდესლიგის 108 თამაშში მიიღო.
ტერ შტეგენს "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტი 2014 წლის 17 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ნიქოზიის აპოელ-ის წინააღმდეგ ჰქონდა. ის თამაში "ბარსელონამ" 1-0 მოიგო. 22 წლის ასაკში ტერ შტეგენი "ბარსელონას" მე-2 გერმანელი მეკარე გახდა რობერტ ენკეს შემდეგ.
სადებიუტო სეზონში გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში შეუცვლელად ჩაატარა. მას ასევე წამყვანი როლი ჰქონდა ესპანეთის თასზე. "ბარსელონამ" ორივე ეს ტურნირი მოიგო. ლუის ენრიკე ამ ტურნირებზე ტერ შტეგენს მომდევნო სეზონშიც ენდობოდა. 2016/17 წლების სეზონიდან კი მარკი გუნდის პირველი მეკარე გახდა. ამ სეზონიდან მოყოლებული, ის ლა ლიგაშიც გუნდის კარის მთავარი დარაჯია.
2021/22 წლების სეზონში ტერ შტეგენმა "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებული მატჩების 300-იან ნიშნულს გადააბიჯა და ამ მხრივ უცხოელი ფეხბურთელების საუკეთესო ხუთეულში შევიდა.
2022/23 წლების სეზონში გერმანელმა მეკარემ ლა ლიგაში მხოლოდ 18 გოლი გაუშვა და სამორას ჯილდო, ანუ ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება პირველად მოიგო. ტერ შტეგენმა კარი მშრალად 26 შეხვედრაში შეინახა და 1993/94 წლების სეზონში "დეპორტივოს" მეკარის, პაკო ლიანიოს მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა. მარკ-ანდრეს შესანიშნავი თამაში იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც "ბარსამ" იმ სეზონში ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგება მოახერხა.
"ბარსელონაში" თავის კარგად გამოჩენის წყალობით ტერ შტეგენმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებთან ერთად გამგზავრების საშუალება მიიღო. ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2012 წელს ჰქონდა, მაგრამ 2014 წლის მუნდიალის განაცხადს მიღმა ბოლო მომენტში დარჩა. 2024 წელს კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "დი მანშაფტის" პირველ მეკარედ დასახელდა.
ტიტულები
ბარსელონა
- ესპანეთის ჩემპიონატი (5): 2014/15, 2015/16, 2017/18, 2018/19, 2022/23
- ესპანეთის თასი (5): 2014/15, 2015/16, 2016/17, 2017/18, 2020/21
- ესპანეთის სუპერ თასი (3): 2016/17, 2018/19, 2022/23
- ჩემპიონთა ლიგა: 2014/15
- ევროპის სუპერ თასი: 2015/16
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2015/16
გერმანიის ნაკრები
- 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი: 2009
- კონფედერაციის თასი: 2017