ანსუ ფატი

დაბადების ადგილი ბისაუ, გვინეა-ბისაუ
დაბადების თარიღი 31.10.2002
წონა 66 კგ
სიმაღლე 178 სმ
დებიუტი 25.08.2019
თამაში* 44
გოლი* 14
ასისტი* 5

*ბოლო განახლება: 26.09.21

ანსუნამე ფატი 2002 წლის 31 ოქტომბერს გვინეა ბისაუს დედაქალაქ ბისაუში დაიბადა. 6 წლის ასაკში ის საცხოვრებლად ესპანეთის ქალაქ სევილიაში გადავიდა და ფეხბურთის თამაში ამავე სახელწოდების გუნდში დაიწყო. 2012 წელს 10 წლის ასაკში ფატი "ბარსელონას" აკადემიას შეუერთდა, 2019/20 წლების სეზონში კი მას დებიუტი კატალონიელთა პირველ გუნდში ჰქონდა.

2019 წლის 25 აგვისტოს ანსუ ფატი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც "ბარსელონას" მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში უთამაშია. იმ დროს ის მხოლოდ 16 წლისა და 298 დღის იყო. 31 ნომრით მოთამაშე თავდამსხმელი "ბეტისთან" მატჩში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მოედანზე კარლეს პერესის ნაცვლად შევიდა.

2019 წლის 31 აგვისტოს ანსუ ფატი "ბარსელონას" ისტორიაში ლა ლიგაში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. 16 წლისა და 304 დღის ასაკში მან "ოსასუნას" გაუტანა.

2019 წლის 14 სექტემბერს, "ვალენსიასთან" გამართულ საშინაო შეხვედრაში, ანსუ ფატი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. პირველ 7 წუთში კი ის უკვე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში თავის გოლითა და საგოლე გადაცემით გამოჩენა მოახერხა. ამავდროულად ის "კამპ ნოუზე" გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

2019 წლის 17 სექტემბერს ანსუ ფატი "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. ეს დორტმუნდში მოხდა.

2019 წლის 10 დეკემბერს, "ინტერთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში ფატი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა რეკორდების დამყარება 2020 წელსაც განაგრძო. 2020 წლის 2 თებერვალს ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც ლა ლიგაში დუბლი გაიფორმა.

ამდენი რეკორდის დამყარების შემდეგ, 2020 წლის 23 სექტემბერს, ანსუ ფატი "ბარსელონას" პირველ გუნდში ოფიციალურად დაწინაურდა.

2020 წლის 20 ოქტომბერს, "ფერენცვაროშთან" მატჩში ფატი გახდა პირველი არასრულწლოვანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთზე მეტი გოლის გატანა მოახერხა.

2020 წლის 24 ოქტომბერს, 17 წლისა და 359 დღის ასაკში, ანსუ ფატი "ელ კლასიკოს" ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი გახდა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის თასი: 2020/21