კარლეს პუიოლ საფორკადა

სეზონი კლუბში: 1999-2014 
თამაში
: 593
გოლი
: 18

 

კარლეს პუიოლი 1978 წელს, ლეიდაში, ლა პობლა დე სეგურში დაიბადა. ის "ბარსას" ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ერთგულება, ძალა და კლუბისადმი სიყვარული პუიოლის გამოსარჩევი თვისებები იყო, რომელთა წყალობითაც, ის გუნდის დაცვის შეუცვლელი წევრი წლების განმავლობაში გახლდათ. "პუი", როგორც მას თანაგუნდელები და გულშემატკივრები ეძახდნენ, დიდი ფეხბურთიდან 2013/14 წლების სეზონის შემდეგ წავიდა. მას, ამ დროისთვის, ლეგენდის სტატუსი უკვე განაღდებული ჰქონდა.

პუიოლმა მთელი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა "ბარსელონაში" გაატარა. თუმცა, ფეხბურთის თამაში მან მშობლიური ლა პობლა დე სეგურის გუნდში დაიწყო. კარლესმა თავისი პოტენციალი ადრეულ ასაკში წამოაჩინა და 1995 წელს, 17 წლის, ის "ბარსელონას" ახალგაზრდულ აკადემიას შეუერთდა. 

კარლეს პუიოლი "ბარსა ბ"-ს უცვლელი წევრი მალევე გახდა და 1999 წლის 2 ოქტომბერს, მას დებიუტი პირველ გუნდშიც ჰქონდა. მას შემდეგ, პუიოლი სასტარტო შემადგენლობას უფრო და უფრო უშნაურდებოდა. თავდაპირველად, ის მარჯვენა მცველის პოიზიციაზე თმაშობდა. თავისი მრავალმხრივობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, კარლესმა დაცვის ცენტრში თამაშიც აითვისა და სწორედ ამ პოზიციაზე გაბრწყინებით დაგვამახსოვრა თავი როგორც "ბარსელონაში", ასევე ესპანეთის ნაკრებში.

პუიოლს, პირველი სერიოზული ჯილდოს მოსაგებად, ლოდინი 2004/05 წლების სეზონამდე მოუხდა. იმ დროს, ის ფრანკ რაიკარდის გუნდის კაპიტანი და უცვლელი წევრი იყო. 2004/05 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, პუიოლმა თავს ზემოთ კიდევ არაერთი თასი აღმართა.

"ბარსელონასთვის" წარმატებული პერიოდი მომდევნო სეზონშიც გაგრძელდა. 2005/06 წლების სეზონში, კატალონიელებმა როგორც ესპანეთის ჩემპიონატი, ასევე ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" პეპ გვარდიოლამ ჩაიბარა, პუიოლი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად დარჩა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ კარლესმა მძიმე ტრავმა მიიღო. მუხლის დაზიანების გამო, მას "ბარსელონაში" ბოლო 2 წელი თითქმის სრულად გაუცდა. იმ დროს, როდესაც პუიოლმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, "ბარსელონას" მაისურით მასზე მეტი თამაში მხოლოდ ჩავი ერნანდესს ჰქონდა ჩატარებული.

გუნდური და ინდივიდუალური მიღწევების გარდა, კარლეს პუიოლი "ბარსელონას" გულშემატკივრებს დაამახსოვრდათ, როგორც კლუბის სახე. გამოსარჩევია 2 ეპიზოდი: 2009 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე", "ელ კლასიკოში" 6:2 მოგების დროს, როდესაც პუიოლმა გოლი გაიტანა, მან კაპიტნის სამკლავურს აკოცა. 2011 წელს კი, "ბარსელონას" მიერ "უებლიზე" ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, კაპიტანმა თასის თავს ზემოთ აღმართვის უფლება ერიკ აბიდალს დაუთმო.